კომპანია LR GROUP-ის წარმომადგენლობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობას გაეცნო

საქართველოში ვიზიტით მყოფი ებრაული კომპანია LR GROUP-ის წარმომადგენლობა საპარტნიორო ფონდს ესტუმრა და მის საქმიანობას გაეცნო.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ფონდის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს შეეხო. მათივე ცნობით, LR GROUP-ის პრეზიდენტმა როი ბენ იამიმ ფონდის მენეჯმენტს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

როგორც ფონდში აცხადებენ, კომპანია სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს აფრიკის, ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და სურს, რომ ინვესტიცია საქართველოშიც განახორციელოს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი სოფლის მეურნეობაა, სადაც ფონდი ადგილობრივ კომპანიებთან ერთად ახორციელებს პროექტებს. "პროექტი, რომელიც მათ წარმოადგინეს, რძის წარმოებას შეეხებოდა, ჩვენ დავინტერესდით ამ პროექტით და გავაგრძელებთ მის შესახებ ინფორმაციების გაცვლას", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.