„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, აღნიშნული კანონი პირებს დაავალდებულებს, რომ საოკუპაციო შენატანის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარადგინოს ნებისმიერ კერძო და საჯარო დაწესებულებებში, იმისათვის, რომ მიიღოს სასურველი მომსახურება.

„ინიციატივა ეხება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. წარმოდგენილი კანონის პროექტი ითვალისწინებს „საოკუპაციო შენატანის“ გადახდას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას რუსეთის ფედერაციისა და იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც აღიარებული აქვთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა.

„საოკუპაციო შენატანი” განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით სრულწლოვანი პირებისთვის, ხოლო განახევრებული ოდენობა არასრულწლოვანთათვის.

„საოკუპაციო შენატანი“ ეს არ იქნება გადასახადი, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. საოკუპაციო შენატანის შემოღების მიზანია, კანონის პროექტით გათვალისწინებული სუბიექტების მხრიდან მოხდეს იმ ფაქტის აღიარება, რომ რუსეთის ფედერაცია აგრესორია და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ასევე, გარკვეული შემაკავებელი ბერკეტი უნდა აღმოჩნდეს. კანონის პროექტით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ამ კანონის ამოქმდებამდე შექმნას ფონდი, რომლის მიზანი უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება. შესაბამისად, საოკუპაციო შენატანი მიემართება ამ ფონდის სახსრებში, რომლის ფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს სამინისტრომ.

2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277 698 მოქალაქე. ბოლო თვეების განმავლობაში ეს რიცხვები უფრო მზარდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 10 დღეში შემოვიდა 78 742 რუსეთის მოქალაქე.

კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს არამარტო კანონის ამომქედების შემდგომ შემოსული პირების ვალდებულებებს, არამედ შემოთავაზებული პროექტით საოკუპაციო შენატანის გადახდა მოუწევთ საქართველოში ამ დრომდე შემოსულ პირებსაც. კანონი ამავდროულად ამ პირებს დაავალდებულებს, რომ საოკუპაციო შენატანის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარადგინოს ნებისმიერ კერძო და საჯარო დაწესებულებებში, იმისათვის რომ მიიღოს სასურველი მომსახურება”,- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.