ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა საბანკო სისტემის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს

ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა საბანკო სისტემის 5%-ზე ნაკლებს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს საბანკო სექტორზე მატერიალური გავლენა არ ჰქონია.

„ჩვენ პანდემიის დაწყებისას პროგნოზი გავაკეთეთ, რომ უმოქმედო სესხების წილი მთლიან პორტფელში შესაძლოა, 10%-მდე გაზრდილიყო, თუმცა ის გაიზარდა მხოლოდ 8,5%-მდე. შემდეგ დაიწყო შემცირება. 2021 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო უმოქმედო სესხების წილის შემცირება მთლიან სესხებში. დღეს 5%-ს ჩამოსცდა და კლების ტენდენცია კვლავ მიმდინარეობს. პანდემიისგან განსხვავებით, ჯერჯერობით რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს საბანკო სექტორზე მატერიალური გავლენა არ ჰქონია, თუმცა ჯამურად ეკონომიკაზე ორმხრივი გავლენა აქვს - ერთის მხრივ მოთხოვნა უკრაინაში და რუსეთში არის შემცირებული, რაც ჩვენი საექსპორტო ბაზრებია, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილია იმიგრაცია, გაზრდილია გზავნილები, რაც პირიქით, დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ასე ცალსახად, რუსეთ-უკრაინის ომის საბანკო სექტორზე ნეგატიური გავლენა დღესდღეობით არ არის. ჩვენ თავიდან გვქონდა მოლოდინი, რომ გარკვეული სექტორებისთვის შესაძლოა უფრო რთული ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომი და მისი შედეგები, მაგალითად, ღვინის ექსპორტიორებზე, თუმცა მონაცემებს რასაც ვუყურებთ, ასე არ მომხდარა. მათ შორის, ღვინის ექსპორტიორების წილი რუსეთში საექსპორტო ბაზარზე გაიზარდა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოს საფინანსო სექტორზე არ მოუხდენია, ყველაზე მთავარ რისკად სწორედ ამ ფაქტორს აღვიქვამთ, გაურკვევლობა ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია, რა მიმართულებით წავა პროცესი, ამის განსაზღვრა არის ურთულესი. აქედან გამომდინარე, ომის გავლენა საბანკო სექტორზე შესაძლებელია იყოს მნიშვნელოვანი და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს გავლენა არის შედარებით შეზღუდული, ჩვენ ამას მაინც ვუყურებთ როგორც ყველაზე მთავარ რისკს საბანკო სექტორისთვის“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.