”რკინიგზის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების შედეგად უნდა იყოს მიღებული”

რუსეთი მზად არის, მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის რკინიგზის ხაზის აღდგენის შესახებ კონსულტაციებისთვის.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.  "ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების შედეგად უნდა იქნეს მიღებული. ამის შესახებ დაინტერესებულია სომხეთიც. სომხეთიც მზად არის, მხარი დაუჭიროს აღნიშნული რკინიგზის მუშაობის აღდგენას, თუმცა ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა შედგეს სოხუმსა და თბილისს შორის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის დროს მოსკოვი და სოხუმი შეეცდებიან, თბილისთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ. "ჩვენ გვჯერა, რომ ჟენევის დისკუსიები საკმაოდ პროდუქტიული ფორმატია. მას შემდეგ, რაც ის შეიქმნა, იყო ბევრი პოზიტიური ცვლილება. ეს არის ფორმატი, სადაც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პირდაპირ შეხვედრას მართავენ", - განაცხადა ლავროვმა.