საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თბილისში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თბილისში გამართულ მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ევროსტატის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით, 28 სექტემბერს გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების (სომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, მოლდოვეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) სტატისტიკის სამსახურების პირველი პირები, ევროსტატისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე და სხვა.

„შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. გოგიტა თოდრაძემ თავის გამოსვლაში ევროსტატს ამ მაღალი დონის შეხვედრის საქართველოში ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საქმეში აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას, როგორც რეგიონულ ასევე საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სტატისტიკის სფეროში მონაცემთა, როგორც ტრადიციული, ისე ალტერნატიული წყაროების განხილვა, სტატისტიკის სისტემის კოორდინაცია, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა.

შეხვედრის დროს მონაწილეები ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში მონაცემთა ალტერნატიული წყაროებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრებენ. ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების მიერ დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ, დარგში არსებულ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

შეხვედრის მესამე დღეს, თავმჯდომარის რანგში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს. გოგიტა თოდრაძე დამსწრე საზოგადოებას ბოლო პერიოდში საქართველოს სტატისტიკის სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან მიღწევებს გააცნობს, არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ ისაუბრებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.