დაბალი მოთხოვნის გამო Apple iPhone 14-ის წარმოების გეგმას ცვლის

ამერიკული კორპორაცია Apple Inc უარს ამბობს ახლახან წარმოდგენილი iPhone 14 სმარტფონების წარმოების გაზრდაზე, მათზე დაბალი მოთხოვნის ფონზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

კომპანიამ მომწოდებლებს განუცხადა, რომ მათგან არ მოითხოვს 6 მილიონი ერთეულით მიწოდების გაზრდას, მიმდინარე წლის ბოლომდე. ამის ნაცვლად კომპანია გეგმავს, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად, წლის ბოლომდე გამოსცეს 90 მლნ iPhone 14-ს, რაც კომპანიის მიერ ზაფხულში გაცხადებული გეგმის შესაბამისია. როგორც ცნობილია, Apple-მა გაყიდვების პროგნოზები iPhone 14-ის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა. ცალკეული მომწოდებლები კი ახალ სმარტფონებზე 7%-იან მოთხოვნის ზრდას მოელოდნენ, წერს Bloomberg-ი. თუმცა რეალობა აღმოჩნდა სხვა, ახალ სმარტფონებზე მოთხოვნა უფრო მოკრძალებული აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია iPhone-ის გაყიდვები მისი გასაღების უდიდეს ჩინეთის ბაზარზე ბოლო დროს კლებაშია, ამ ქვეყანაში ეკონომიკური დაღმავლობის გამო. გაყიდვის გამოჩენიდან ამ დრომდე iPhone 14-ზე მოთხოვნა ამ ქვეყანაში 11%-ით ნაკლები აღმოჩნდა იმავე პერიოდში iPhone 13-ის მოთხოვნასთან შედარებით. ამასთანავე, როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს ბაზარზე ფიქსირდება უფრო დიდი მოთხოვნა უფრო ძვირიან iPhone 14 Pro მოდელზე, ვიდრე სასტარტო ვერსიებზე.

აღსანიშნავია, რომ გლობალურად ელექტრონულ ტექნიკაზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც განპირობებულია მაღალი ინფლაციითა და ეკონომიკის რეცესიის მოლოდინით, ასევე მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემებით. IDC-ის პროგნოზით, 2022 წელს ახალი სმარტფონების მსოფლიო ბაზარი 6,5%-ით შემცირდება.

კოკა კვირკველია