მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსები მანქანებს საზღვრებთან ტოვებენ

რუსების მიერ საზღვრებზე მიტოვებული მანქანები, რომლებმაც ქვეყანა მობილიზაციის გამო დატოვეს, შესაძლოა, უკრაინის ომის მონაწილეთა ოჯახებს გადასცენ. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს.

„გაქცეულები მანქანებს ტოვებენ და უნდა ვიფიქროთ, თუ ვის ვაჩუქოთ ეს მანქანები. იქნებ, საბრძოლველად წასული ბიჭების ოჯახები?! ეს სწორი იქნება,“ - აცხადებს ვოლოდინი.

დუმის სპიკერი ამბობს, რომ „მობილიზაციისგან გაქცეული რუსები გადააგორებენ დროს, რამაც ისინი შეაშინა და შემდეგ უკან დასაბრუნებლად საზღვრებს იქით ისევ რიგში ჩადგებიან.“ მან დეპუტატებს მოუწოდა, მკაცრი მიდგომა ჩამოყალიბდეს იმ ახალგაზრდების მიმართ, „რომლებსაც დენთის სუნი ჯერ არ შეუყნოსავთ და უკვე საწოლის ქვეშ ხოხავენ.“

ვოლოდინის ცნობით, რუსეთი ყველა გაქცეულის სიას ადგენს. თუმცა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ანდრეი გურულევმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ სიის შედგენა საჭირო არ არის, რადგან საზღვრის გადაკვეთაზე ერთიანი ბაზა ისედაც არსებობს.

21 სექტემბერს, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოს და ყაზახეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოებზე მანქანების რიგი მრავალი კილომეტრის მანძილზე გადაიჭიმა. საქართველოს შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 21-დან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში რუსეთის 52 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ყაზახეთის იმავე უწყების ინფორმაციით, 21 სექტემბრიდან ქვეყანაში 98 000 რუსი შევიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ