CoinDesk - რუსები კრიპტოსაფულეებს ვეღარ გახსნიან

ევროკავშირი რუსებისთვის ევროპულ პლატფორმებზე კრიპტოსაფულეების გახსნის აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი CoinDesk ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარო ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ფიქტიური რეფერენდუმების“ საპასუხოდ იქნება მიღებული. მანამდე, აპრილში ევროკავშირის ხელისუფლებამ, სანქციების ფარგლებში, კრიპტობირჟებს რუსი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 10 000 ევროზე მეტი ოდენობის საფულეების გახსნა აუკრძალა. ახალი აკრძალვით, ეს თანხა შესაძლოა, ნულამდე შემცირდეს.

CoinDesk-ის შეფასებით, ევროპელი მმართველები ცდილობენ, ბოლო მოუღონ მცდელობებს, როცა რუსები ციფრული აქტივების გამოყენებით დიდ საბანკო გადარიცხვებზე დაწესებულ სასანქციე შეზღუდვებს თავიდან იცილებდნენ. ამასთან, გაზეთ „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციისა და ქვეყნიდან მოქალაქეების მასობრივი გამგზავრების ფონზე, კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა იზრდება. ასევე, გაიზარდა მოთხოვნა აპარატურულ კრიპტოსაფულეზე, რომელიც კრიპტოვალუტის მყარ დისკზე შენახვის საშუალებას იძლევა.

კვირის დასაწყისში კრემლმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შედეგები შეაჯამა. ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი „ამ ფიქტიურ რეფერენდუმებსა და რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში“ არ ცნობს და აპირებს, „კრემლს ამ ესკალაციის გამო საზღაური გადაახდევინოს.“ მან სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც „ევროპულ ბაზარზე რუსული საქონლის შესვლას შეაფერხებს და ამით რუსეთს 7 მლრდ ევროს ოდენობის დამატებით შემოსავალს ჩამოართმევს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ