ევროს ქანდაკება აუქციონზე გატანას გადაურჩა

ფრანკფურტის ფინანსური რაიონის შუაგულში აღმართულ ევროს გიგანტურ ცისფერ ქანდაკებას ახალი სპონსორი ჰყავს. Reuters-ის ცნობით, ქანდაკების ბედს საფრთხე დაემუქრა, როცა მის მოვლაზე პასუხისმგებელმა ბანკებმა დაფინანსებაზე უარი განაცხადეს.

ქანდაკების მფლობელმა, ფრანკფურტის კულტურის კომიტეტმა ახალი სპონსორი გამოავლინა, რომელმაც 14-მეტრიანი ობიექტი აუქციონზე გატანას გადაარჩინა. ახალი სპონსორი ფრანკფურტში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია Caiz-ია, რომელიც კრიპტოვალუტა Caizcoin-ს ისლამური ფინანსებისა და კანონების პრინციპების მიხედვით ავითარებს.

კრიპტოკომპანიაში აცხადებენ, რომ „მათი ჩართულობა მარკეტინგისა და კომერციის თვალსაზრისითაც ლოგიკურია, რადგან ევროს სიმბოლოსთან ადამიანები დღეში რამდენიმე ასეულ ფოტოსურათს იღებენ.“

Caiz-ის განვითარების აღმასრულებელი დირექტორი, იორგ ჰანსენი აცხადებს, რომ ფრანკფურტში ყველაზე მეტ ფოტოსურათს ევროს ქანდაკებასთან იღებენ, რამაც კრიპტოვალუტის ლოგოსაც დაუდო საფუძველი.

„ჩვენ არ ვართ საფრთხეები ევროსთვის. ევრო ყოველთვის იარსებებს,“ - აცხადებს იორგ ჰანსენი.

ქანდაკება 2001 წელს, ევროს ბანკნოტებისა და მონეტების გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე დაიდგა. ის ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი სათაო ოფისის წინ მდებარეობს და დიდი ხნის განმავლობაში ხაზს უსვამს ფრანკფურტის როლს ერთიანი ევროპული ვალუტის მართვაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ