ფინეთი საზღვარზე რუსი მგზავრების მიმართ პანდემიისდროინდელ შეზღუდვებს დააწესებს

ფინეთის მთავრობა ფუნდამენტური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, რომელიც ქვეყანაში რუსების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. გაზეთ Helsingin Sanomat-ის ცნობით, ახალი პოლიტიკა კორონავირუსული დროის სასაზღვრო პრაქტიკის მსგავსი იქნება, ოღონდ, ფინეთში შესვლის შეზღუდვა მხოლოდ რუსებს შეეხება და შესვლაზე უარის თქმის საფუძველიც განსხვავებული იქნება.

გაზეთი წერს, რომ საზღვარი, ძირითადად, რუსებისთვის ჩაიკეტება. ქვეყანაში შესვლის სპეციალური საფუძვლები მეტ-ნაკლებად პანდემიის პერიოდის პრაქტიკას წააგავს, ანუ რუსები ვიზიტს მხოლოდ ოჯახური გარემოებების გამო შეძლებენ. ფინეთში მათ, ასევე, სასწავლებლად და გადაუდებელი სამუშაოს შესასრულებლად შეუშვებენ, ხოლო სპეციალურ ჯგუფებს შორის დიპლომატები მოხვდებიან. სიაში სხვა დასაბუთებული მიზეზებიც შედის, მათ შორის არის, მაგალითად, რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში შესვლის უფლების მინიჭება. ამასთან, ყველა მგზავრთან ინდივიდუალურ მიდოგმას გამოიყენებენ.

პასპორტში აისახება ქვეყანაში შესვლაზე მიღებული უარი, ხოლო ვიზა გაუქმდება, თუ მისი მოქმედების საფუძველი ახალი რეგულაციის მიხედვით აღარ იარსებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინეთში ტურისტულად ჩასული რუსების ვიზები, ფაქტობრივად, ბათილად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში რუსი მოგზაური ფინეთის მიერ გაცემული ვიზით შენგენის სხვა ქვეყნის საზღვრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ვეღარ შევა. ფინეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომლის სახმელეთო საზღვრის გავლით რუსი ტურისტები შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში შედიოდნენ, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუსი ტურისტების შესვლა სექტემბერის დასაწყისშივე დაბლოკეს.

წინასწარი შეფასებით, ახალი რეგულაციების შედეგად ფინეთში რუსების შესვლა, დღევანდელ დონესთან შედარებით, შესაძლოა, განახევრდეს. გაზეთის ცნობით, თუ შეთანხმებული გრაფიკი არ შეიცვალა, ახალი სასაზღვრო რეგულაციები ხუთშაბათიდან პარასკევის ღამეს ამოქმედდება.

19-25 სექტემბერს რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში 66 000 რუსი შევიდა, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. მგზავრების ნაკადმა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოიმატა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა, საქართველოსთან საზღვრის მსგავსად, ფინეთის საზღვარზეც სამხედრო სამობილიზაციო პუნქტი განათავსა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ