ქალაქ ნიურნბერგში, ქართული დიასპორისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მიგრაციის სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით, ქალაქ ნიურნბერგში, ქართული დიასპორისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მან ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ნოშრევან ლომთათიძე, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების, საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების, ენერგეტიკული, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და IT სფეროში არსებული შესაძლებლობების, ასევე ინვესტირებისა და ექსპორტის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

ქართულ დიასპორასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი წარმოების სტანდარტების შესახებ, ასევე პარტნიორული ურთიერთობების დამყარების, გერმანიის ბაზარზე წვდომისა და უცხოელი ინვესტორების დაინტერესების მიმართულებით.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის - ,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ ფარგლებში”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.