ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შპს ,,მექანიზატორის" ახალციხის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრში გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ახალციხეში ფუნქციონირებს ერთი სერვისცენტრი, სადაც მობილიზებულია 70 ერთეული ტექნიკა, აქედან 66 ტრაქტორი და 4 კომბაინი. სერვისცენტრის მომსახურების არეალია: ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა. სერვისცენტრში 80 ადამიანია დასაქმებული.

ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა ლაბორატორიამ აშშ-ის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტის (ANSI) აკრედიტაცია გაიარა და ISO 17025 სერტიფიკატი მიიღო. ISO 17025 აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში შესაძლებელია ვეტერინარული დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტიკა, მათ შორის ისეთი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორებიცაა ბრუცელოზი, ჯილეხი, ფრინველის გრიპი და თურქული. მინისტრმა ახალციხეში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს განახლებული შენობა დაათვალიერა.

ოთარ დანელიამ, რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ახალი ცენტრი გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი, რომელიც სასაზღვრო ზოლში მდებარეობს, აგრარული სექტორის ყოვლისმომცველი განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა. ამ ეტაპზე ცენტრში 3 სპეციალისტი - 2 ვეტერინარი და 1 მცენარეთა დაცვის სპეციალისტი მუშაობს. "მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთში მეცხოველეობის დარგია განვითარებული. ამავე დროს, რეგიონში გადის პირუტყვის გადასარეკი ტრასები, საზაფხულო საძოვრებზე ხვდება საქართველოს ცხვრის სულადობის უდიდესი ნაწილი. რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებით, განვითარებულია სატბორე-სათევზე მეურნეობები, შესაბამისად, რეგიონში ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული ფუნქციონირება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები დაათვალიერა. ახალქალაქში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი "მზიური ჯავახეთი" "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში აღებული 45 000 აშშ დოლარის სესხით 2014 წლის 9 მაისს გაიხსნა. უწყების ინფორმაციით, დღეში საწარმოში გადამუშავებული რძის რაოდენობა 3-3.5 ტონაა. "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში გაცემული სესხით აშენდა ახალქალაქში ი/მ რაფაელ კაროიანის საწარმოც. სესხის მოცულობა რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის 35 000 აშშ დოლარია. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ალმალო-მურჯახეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტირებული ნაწილი დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად, 8 სოფლის (ხოსპიო, ხულგუმო, გულიკამი, ულალისი, მურჯახეთი, ჩამდურა, ვაჩანი, დილისკა) 1530 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გასარწყავდება, რითაც 3500 მოსარგებლე ისარგებლებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ვაჩიანში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტული ბაზა მოინახულა. ბაზის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი გამოყენებულია ერთწლოვანი კუტურების ახალი ჯიშების შესწავლისა და გამოცდისთვის. ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთში ახლადშექმნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლებს, მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მოტობლოკი და ხელის სათესი გადასცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ყველა რეგიონში ეტაპობრივად გაიმართება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები, გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსი, მარიანა მორგოშია, შპს ,,მექანიზატორის" დირექტორი, ზვიად ჩხაიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გაეცნენ.