საქართველოში შესაძლოა, ტრაილერების დეფიციტი შეიქმნას - იმპორტიორთა კავშირი

რუსეთის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შემდეგ, ზემო ლარსთან შექმნილი რიგები არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც ქმნის.

იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ივა ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ნაკადები ტრაილერების დეფიციტს გამოიწვევს.

„ლოგისტიკის კუთხით კვლავ საკმაოდ რთული ვითარებაა. ისევ ძალიან მაღალია ფასები, იგივე შორეული აზიიდან და ევროპიდან. სამწუხაროდ, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, რადგან რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ პრობლემები შექმნა ლარსზე. ახლა, იქ კილომეტრიანი რიგებია. ტრაილერები უნდა შემოვიდნენ, რომ მერე, აქედან პროდუქცია გაიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება დეფიციტი.

იხილეთ ასევე: ტრაილერებისთვის გადასახადის ზრდა ჩვენი დერეფნის მიმზიდველობას შეამცირებს - პაატა ცაგარეიშვილი

წარმოიდგინეთ, ის ვინც ელოდებოდა, რომ უნდა შემოსულიყო 5 დღეში, ამ ტემპით სამი კვირა მოუწევს დგომა. ერთი ჯაჭვია, პროდუქცია შემოაქვთ და შემდეგ გააქვთ ერთსა და იმავე ტრაილერს. ახლა ტრაილერები რაც დგას, რომ უნდა დაბრუნებულიყო 1 კვირაში, დაბრუნდება თვე ნახევარში.

კარგია, რომ ახლა ის სეზონი არ არის, როცა მალფუჭებადი პროდუქტი იმ რაოდენობით არ არის. შემოდგომის ბოლოს, ციტრუსის სეზონზე, ცხადია ეს გაცილებით დიდ პრობლემებს შექმნის. იმედია, ციტრუსის მოსავლის აღებამდე სიტუაცია დალაგდება“, - განაცხადა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ .

იხილეთ ასევე: „სანქციების შემდეგ რუსეთიდან ოქროს ზოდები ტრაილერებით შემოდის“ - თბილისის ოქროს ბირჟაზე ფასები ეცემა

თამარ მუკბანიანი