მსოფლიოში რეცესიის ალბათობა 98,1%-ია - Ned Davis Research

მაღალი ინფლაციის, განაკვეთების მკვეთრი ზრდისა და უკრაინის ომის გამო გლობალური რეცესიის შანსი 98.1%-ს შეადგენს. ამის შესახებ Ned Davis Research-ის ალბათობის მოდელის მოხსენებაში არის ნათქვამი, რასაც CNN ავრცელეებს.

ბოლოს რეცესიის ასეთი მაღალი ალბათობა 2020 წელს, მძიმე ეკონომიკური ვარდნის დროს, მანამდე კი 2008 და 2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული გლობალური რეცესიის რისკი 2023 წლის გარკვეულ პერიოდშიც გაიზრდება,“ - წერენ Ned Davis Research-ის ეკონომისტები.

მოხსენების თანახმად, World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მიერ გამოკითხული ათი ეკონომისტიდან შვიდი მიიჩნევს, რომ გლობალური რეცესია გარკვეულწილად სავარაუდოა. ეკონომისტებმა შეცვალეს ზრდის პროგნოზები და მოელიან, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში და მომავალ წელს ინფლაციაზე გასწორებული ხელფასები შემცირდება.

იხილეთ ასევე: გარდაუვალია თუ არა გლობალური რეცესია? - მსოფლიო ბანკის ანგარიში

ამასთან, სურსათისა და ენერგიის მზარდი ფასების გათვალისწინებით არსებობს შეშფოთება, რომ ცხოვრების მაღალმა ღირებულებამ შესაძლოა, არეულობის კერები გააჩინოს. World Economic Forum-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების 79% მოელის, რომ ფასების ზრდა დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სოციალურ არეულობას გამოიწვევს, რისი ალბათობაც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 20%-ია.

ფედერალური სარეზერვო უწყების წარმომადგენლებიც კი აღიარებენ, რომ ეკონომიკური ვარდნის მზარდი რისკი არსებობს. მიუხედავად ამისა, CNN-ის ცნობით, „ნათელი წერტილები, განსაკუთრებით მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში, შეერთებულ შტატებში აშკარად შეინიშნება.“ აშშ-ის დასაქმების ბაზარი ისტორიულად ძლიერი რჩება, სადაც უმუშევრობის დონე 1969 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. მომხმარებლები ფულის ხარჯვას განაგრძობენ, ხოლო კორპორატიული მოგება მტკიცეა.

იხილეთ ასევე: „ჩვენ ხშირად ცეცხლს ვეთამაშებით“ - რა გავლენა ექნება შესაძლო გლობალურ რეცესიას საქართველოზე

ამასთან, მოელიან, რომ აშშ-ში ბოლო 40 წლის ყველაზე ძლიერი ინფლაცია უახლოეს თვეებში შენელდება, რადგან მიწოდება მოთხოვნილების დონეს მიაღწევს. Ned Davis Research წერს, რომ ეკონომიკური ვარდნის რისკების ზრდის მიუხედავად, აშშ-ის რეცესიის ალბათობის მოდელი მინიმალურ დონეზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ