ოთარ შამუგიამ საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან, პაველ ჰერჩენსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობის საკითხი ხაზგასმით აღნიშნა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

„ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია, შესაბამისად, ევროკავშირთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ჩვენ ევროკავშირის მიერ მონიჭებულ ევროპული პერსპექტივის სტატუსს ვაფასებთ. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს წარმოადგენს და ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი დროულად გახდება“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა პაველ ჰერჩენსკის ევროკავშირის დახმარებით გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

„ჩემთვის განსაკუთრებით საპატიოა ვიყო ევროკავშირის ელჩი ევროპული პერსპექტივის სტატუსის მქონე საქართველოში. საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. ასევე აღსანიშნავია, გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ევროკავშირი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია და ჩვენ საინტერესო შედეგების ერთად აღნიშვნას შევძლებთ“, - განაცხადა პაველ ჰერჩენსკიმ.

სამინისტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება სასურსათო უსაფრთხოების, ბაზრების დივერსიფიკაციის, ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.