ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოში გამგზავრების მსურველთა ნაკადი შემცირდა

ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში გამგზავრების მსურველთა ნაკადი შემცირდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ თავისTelegram-არხზე დაწერა.

მისი შეფასებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებით შესვლაზე ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა.

„რესპუბლიკაში მაღალი მზადყოფნის რეჟიმის შემოღების შემდეგ საზღვრის გადაკვეთის მსურველთა ნაკადი მკვეთრად შემცირდა, რადგან მანქანების შესვლა შეზღუდულია,“ - წერს მენიაილო. მისი ცნობით, მანამდე საზღვრის გადაკვეთის მსურველთა მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდებოდა, რადგან „ლოდინი შესაძლოა, რამდენიმე დღით გაგრძელებულიყო, რისთვისაც არცერთი მათგანი მზად არ იყო.“

სერგეი მენიაილო წერს, რომ ზედა ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის შესასვლელებში დასვენებისა და საკვების მისაღები კარვების ქალაქი მოეწყო. იქვე შესაძლებელია მობილური მოწყობილობის დამუხტვა, ხოლო სამედიცინო მოდულში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და კატასტროფის ცენტრის ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ. ადგილზე ახლომდებარე სოფლების, ჩმის, ბალთასა და რედანტის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და ამბულატორიული კლინიკების თანამშრომლები მორიგეობენ. ამასთან, ხდება ტერიტორიის დასუფთავება.

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური, ასევე, წერს, რომ საგუშაგოზე მოეწყო გაწვევის პუნქტი, სადაც მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსებს უწყებები ეძლევათ.

მიმიდნარე კვირას სერგეი მენიაილომ ხელი მოაწერა განკარგულებას, 28 სექტემბრიდან რესპუბლიკის რამდენიმე რეგიონში მაღალი განგაშის რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებით შესვლის შეზღუდვასაც მოიცავდა. რეჟიმი არდონსკის, კიროვსკის, პრიგოროდნის მუნიციპალურ რაიონებსა და რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზში დაწესდა. ეს ტერიტორიები საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ არის განლაგებული, რომელიც რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშრებს და სადაც ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი მდებარეობს.

სერგეი მენიაილოს მონაცემებით, 29 სექტემბერს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მხრიდან 3000-მდე მსუბუქი და 1500-მდე სატვირთო ავტომანქანა იყო დაგროვილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ