დავით ნარმანია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხზე ინვესტორებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია "თბილსერვისის" ხელმძღვანელებთან ერთად გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვა გასულ კვირას გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთა მოწვევასა და მათი წინადადებების მიღებას გულისხმობს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, უცხოური კომპანიებისა და ადგილობრივი ბიზნესმენების მხრიდან დიდი ინტერესია, რომ მიიღონ მონაწილეობა ინტერესთა გამოხატვაში. დავით ნარმანიას თქმით, 45 დღის განმავლობაში ისინი მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას და თბილისის მერიაში წარადგენენ.

"ჩვენი მხრიდან სამ უმთავრეს საკითხს ექცევა ყურადღება: შემოთავაზებული ტექნოლოგია უნდა იყოს აპრობირებული და კომპანიებს შესაბამისი გამოცდილება უნდა გააჩნდეთ, ასევე, გარემოს დაცვის ნორმები უნდა იყოს შესაბამისობაში და ამასთან, პროექტის განხორციელებისას მუნიციპალიტეტს მინიმალური დანახარჯი უნდა ჰქონდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"თბილსერვის ჯგუფის" უფროსის მოადგილის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, თბილისის ტერიტორიაზე ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით 50-მდე კომპანიაა დაინტერესებული. მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად წინადადებების მიღება 2015 წლის 15 აპრილს დასრულდება. ინტერესთა გამოხატვის მიზანია, მოიზიდოს ინვესტორი დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომელიც განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს თბილისის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია გამოავლენს.

ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ ,,ნარჩენების მართვის კოდექსს" უკავშირდება.