„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 18 სახელმწიფო უწყება, რომელთა შორისაა: შსს, სუს-ი, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს

18 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორის არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციული შეთანხმებების რისკს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევად.

„სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის კორუფციული რისკების პრევენციის აუცილებელი წინაპირობაა. 2011 წლიდან, რაც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პორტალი შეიქმნა, შესყიდვების გამჭვირვალობა ძირითადად უზრუნველყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში ჯერ ისევ ბევრი პრობლემაა. თუმცა, ბოლო წლებში მუდმივად დგას კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაფორმებული კონტრაქტების არგამოქვეყნების პრობლემა. ეს ეხება გამარტივებულ (პირდაპირ) შესყიდვებს. ელექტრონულ ტენდერებში ეს პრობლემა არ არის, რადგან გამოქვეყნების გარეშე ტენდერი ვერ შედგება, შესაბამისად, ელექტრონულ ტენდერებში გამჭვირვალობა შესყიდვის მთლიანი პროცედურის ნაწილია. გასულ წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა. დღესდღეობით ეს პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან შეგნებულად არ ხდება.

ამ საკითხზე ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში - „როგორ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს“ ვწერდით, რომელშიც 2015-2017 წლების სახელმწიფო შესყიდვები იყო შესწავლილი. აღნიშნულ პერიოდში 50-მდე მეტი შემსყიდველი გამოვლინდა, რომლებსაც გამარტივებული შესყიდვების არც ერთი კონტრაქტი არ ჰქონდა გამოქვეყნებული. 2017 წლის 26 დეკემბერს აღნიშნულ კვლევას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შესყიდვების სისტემაში ზოგიერთი უწყების გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის არარსებობა წინა წლებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული ტექნიკური ხარვეზია. თუმცა, ეს „ხარვეზი” წლების განმავლობაში არ გასწორდა.

2019 წლის სექტემბერში წერილით მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ვაცნობეთ იმ შემსყიდველების ჩამონათვალი, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტებს არ აქვეყნებდნენ. ამავე წლის ოქტომბერში კონტრაქტების ნაწილი სისტემაში აიტვირთა, რაც სავარაუდოდ, ჩვენი წერილის გავლენის შედეგი იყო. მაგალითად, აიტვირთა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების კონტრაქტები. ცნობისათვის, მანამდე შსს-ს 2015 წლის 3 ივნისის შემდეგ არ ჰქონდა გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები გამოქვეყნებული. თუმცა, ისევ არ გამოქვეყნდა ისეთი მსხვილი უწყებების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები, როგორებიცაა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს დაზვერვის სამსახური.

2019 წლის ოქტომბერში შსს-ს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების ერთიანად გამოქვეყნების შემდეგ, კონტრაქტების გამოქვეყნება ისევ შეწყდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2020 წლის ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაში ისევ ვწერდით გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემაზე და რეკომენდაციაც გავავრცელეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს, რადგან კონტრაქტების არ გამოქვეყნება კორუფციულ გარიგებებს უწყობს ხელს. თუმცა, გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების სრულად გამოქვეყნება ზოგიერთ სახელმწიფო უწყებაში ისევ პრობლემად რჩება. ამჯერად, ჩვენმა მოკვლევამ აჩვენა, რომ 18 სახელმწიფო უწყება არ აქვეყნებს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს. მათ შორის, ისევ არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. აღნიშნულმა უწყებებმა სხვადასხვა დროს შეწყვიტეს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება. ამასთან, ზოგიერთ მათგანს ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული. იმის ალბათობა, რომ ეს ორგანიზაციები გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტებს არ აფორმებენ, ძალიან დაბალია.

ის, რომ კონტრაქტები არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, 2019 წლის ოქტომბერში შსს-ს 100-ზე მეტი კონტრაქტის ერთობლივად გამოქვეყნებამაც დაადასტურა. კონტრაქტების არსებობაზე მიანიშნებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდულიც, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. აღნიშნულ მოდულში, 2020-2022 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 269 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით ჩატარების უფლება, მათ შორის 53 შესყიდვა იყო ისეთი, სადაც კონტრაქტის თანხა 100,000 ლარს აჭარბებდა. ამავე პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციამ 19 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით ჩატარების უფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 36-ზე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 57-ზე და ა.შ.

კვლევა აჩვენებს, რომ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტებს ძირითადად უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებები არ აქვეყნებენ და შესაძლოა, გაჩნდეს აზრი, რომ ამის მიზეზი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვებია. შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე არ ვრცელდება. შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან და ასეთი შესყიდვების კონტრაქტები უნდა ქვეყნდებოდეს, როგორც ეს ხდება ელექტრონული ტენდერების შემთხვევაში, როდესაც არასაიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებენ. საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარემოება უფრო სუსტ არგუმენტად გამოდგება მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების შესყიდვების შემთხვევაში. მთვრობის ადმინისტრაციის მიერ 2010-2022 წლებში გამარტივებული შესყიდვით გზით გაფორმებული ერთი კონტრაქტიც კი არ არის გამოქვეყნებული შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N13-ის მე-9 მუხლით განსაზღვრულია, რომ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში უნდა ატვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციული შეთანხმებების რისკს. გარდა ამისა, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები შეგნებულად არ ქვეყნდება, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს, რითაც საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.