ბრიტანეთის ზარაფხანამ მეფე ჩარლზის პორტრეტით პირველი მონეტები გამოფინა

სამეფო ზარაფხანამ 50-პენსიანი მონეტის ახალი დიზაინი წარადგინა, რომელზეც დიდი ბრიტანეთის ახალი მეფე, ჩარლზ III არის გამოსახული. მონეტა მიმოქცევაში წლის ბოლომდე შევა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ამასთან, ორშაბათს, დილის 9 საათზე დედოფალ ელიზაბეტ II-ისადმი მიძღვნილი მონეტების სპეციალური სამახსოვრო სერია გამოვა. დედოფლისადმი მიძღვნილ 5 ფუნტისა და 50 პენსის მონეტებზე ჩარლზის პორტრეტი გამოისახება. სამეფო ზარაფხანის მთავარი კომერციული ოფიცერი, ნიკოლა ჰოუელი აცხადებს, რომ მომხმარებლები სამახსოვრო მონეტებს, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან მიიღებენ, ხოლო 50 პენსის ნომინალის სამახსოვრო მონეტა დეკემბრიდან უკვე მიმოქცევაშიც შევა.

ზარაფხანაში აცხადებენ, რომ მონეტაზე მეფის პორტრეტი მოქანდაკე მარტინ ჯენინგსმა შექმნა, რამაც ჩარლზის პირადი მოწონებაც დაიმსახურა. ტრადიციულად, მეფის გამოსახული პორტრეტი მარცხნივ, დედოფალ ელიზაბეტ II-ის საპირისპირო მხარეს იყურება. სამეფო ზარაფხანის წარმომადგენელი, კრის ბარკერი ამბობს, რომ „ჩარლზი მიჰყვება ზოგად ტრადიციას, რომელიც ბრიტანული მონეტების ისტორიაში კარლ II-დან მოყოლებული არსებობს, როცა მონარქი წინამორბედისგან საპირისპირო მიმართულებით იყურება.“

პორტრეტის ირგვლივ არის ლათინური წარწერა: „:: CHARLES III :: D :: G :: REX :: F :: D :: 5 POUNDS :: 2022“, რაც ითარგმნება, როგორც „მეფე ჩარლზ III, ღვთის მადლით რწმენის დამცველი.“ დიზაინი მომდევნო თვეების განმავლობაში წარმოებულ სამახსოვრო და მიმოქცევისთვის განკუთვნილ მონეტებზე გამოჩნდება.

სამეფო ზარაფხანა, რომელიც სამხრეთ უელსის ლატრისანტში მდებარეობს, მონეტებზე სამეფო ოჯახს 1100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასახავს. ზარაფხანის მიერ, ალფრედ დიდიდან მოყოლებული, ყველა მონარქი არის დოკუმენტირებული.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას ჩარლზ III-ის მეფობის დროს,“ - აცხადებს ზარაფხანის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ენ ჯესოპი.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით ახალი ფუნტი სტერლინგის ბანკნოტები წლის ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და მიმოქცევაში 2024 წლის შუა რიცხვებამდე შევა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ