ახალი ზელანდია ცოცხალი ცხოველის ექსპორტს აკრძალავს

ახალი ზელანდია მომავალი წლის აპრილიდან ცოცხალი ცხოველის ექსპორტს აკრძალავს. The Guardian-ის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2020 წლის სექტემბერში, ტაიფუნის დროს პირუტყვის გადამყვანი გემი ჩაიძირა, რა დროსაც ეკიპაჟის 41 წევრი და 6000 პირუტყვი დაიღუპა.

გემის, Gulf Livestock 1-ის ეკიპაჟის ორი წევრი ახალზელანდიელი იყო, რომელთა დაღუპვამაც ცოცხალი ცხვრისა და პირუტყვის ექსპორტის აკრძალვის მოთხოვნით მოძრაობა გაააქტიურა.

ცხოველთა კეთილდღეობის შესწორების კანონპროექტზე ხელმოწერის შემდეგ მთავრობა აცხადებს, რომ ახალი კანონი ახალი ზელანდიის რეპუტაციას დაიცავს, რადგან მომხმარებლები ეთიკურად უფრო შეგნებული ხდებიან.

„ეს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ჩვენი მომავალი ფერმერების რეპუტაციას დაიცავს“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, დემიენ ო'კონორი.

გამოცემის ცნობით, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ცოცხალი ხორცის ექსპორტი დიდი ხანია, საკამათო თემა და ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფების გრძელვადიანი კამპანიის საგანია. უფლებადამცველების შეფასებით, ახალი ზელანდია იმდენად შორს მდებარეობს, რომ მგზავრობის საუკეთესო სცენარიც კი ცხოველებისთვის ხშირად სირთულეებს იწვევს.

ცოცხალი ცხოველების გადამყვანი გემი წელს სუდანშიც ჩაიძირა, რის შედეგადაც 15 000-ზე მეტი ცხვარი დაიღუპა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ