ფინანსთა მინისტრი - წლევანდელ ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროექტს - სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხი და შსს-ს დაფინანსება 27 მილიონი ლარით

წლევანდელ ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროექტს - სამაშველო ვერტმფრენების შეძენას და შსს-სთვის ახალი სახანძრო მანქანებისთვის დაფინანსებას, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს გაზრდილია 700 მილიონი ლარით.

„მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტზე. წლევანდელი ბიუჯეტი გაზრდილია 700 მილიონი ლარით. მიმდინარე წელს გავზარდეთ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ამ მიმართულებით გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროექტს - ეს არის სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხი და შსს-ს დაფინანსება 27 მილიონი ლარით, რომელიც გათვალისწინებულია ახალი სახანძრო მანქანების დაფინანსებისთვის. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი არის საკმაოდ დაბალანსებული და უზრუნველყოფს იმას, რომ პასუხი გასცეს იმ სოციალურ ვალდებულებების შესრულებას, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. გარდა ამისა, ბიუჯეტი დაბალანსებულია ფისკალურად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, როგორც მიმდინარე წლის ცვლილებებში, ასევე მომდევნო წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა დამატებით 3 სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად.

„გარდა ამისა, გათვალისწინებულია 27 მილიონ ლარამდე, რითაც შსს შეიძენს ახალ სახანძრო მანქანებს უკვე მომავალ წელს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როდესაც სამაშველო ოპერაციების განხორციელება საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ ჩვენს მაშველებს და ვფიქრობ, რომ ეს ახალი შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდება ახალი სახანძრო ავტომობილებისა და ვერტმფრენების შეძენით, მათ გაუადვილებთ იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.