გორში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა

გორში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა და ახალგაზრდებს სხვადასხვა ღონისძიებები შესთავაზა.

მოზარდები „ქართლის ქარის ელექტროსადგურზე“ იმყოფებოდნენ და სადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს ელექტროსადგური და მოისმინეს რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის განახლებადი ენერგიის წყარო.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ არის საქართველოში აგებული პირველი ქარის ელექტროსადგური და პირველი კომერციული ქარის ელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშენდა. უკვე ექვსი წელია ექვსი ქარის ტურბინა სტაბილურად აწარმოებს ენერგიას.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქარის ელექტროსადგურის შემდეგ, ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სასახლეში, თომა ჩაგელიშვილის ფილმის „ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში - თბილისის“ ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია და მდგრადი ენერგეტიკის თემით დაინტერესებულ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის - გორის მერიისა და მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

,,მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივით 2006 წლიდან აღინიშნება და ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის პოპულარიზაციას ემსახურება.

კვირეულის გარდა, ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილია ,,მერების შეთანხმების“ პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

გორის მუნიციპალიტეტი ,,მერთა შეთანხმების“ პროგრამას 2012 წელს შეურთდა.

მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.