ბლინკენი: ევროპას აქვს შესაძლებლობა ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსულ ენერგორესურსებს

აშშ-ს ხელისუფლება ევროპაში არსებულ დღევანდელ სიტუაციას განიხილავს როგორც შესაძლებლობას ევროპამ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულებას. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მელანი ჟოლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კვირების განმავლობაში, ვიხილეთ რა რუსეთის აგრესია უკრაინაში და რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების იარაღად გამოყენება, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ევროპელ პარტნიორებთან, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, რათა მსოფლიო ბაზრებზე ყოფილიყო ენეგორესურსების საკმარისი მარაგები. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ წარმოება და ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ ევროპისთვის თხევადი გაზი, რითაც ხელი შევუწყეთ რეგიონში ნავთობისა და გაზის დანაკლისის აღმოფხვრას, რომელიც წარმოიშვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ,“ - თქვა მან.

ბლინკენმა ასევე ახსენა ამერიკის მხრიდან ნავთობის მარაგების გამოყენება ეროვნული რეზერვებიდან, რათა დარეგულირებულიყო ფასები ნავთობის ბაზარზე.

„წინ კიდევ მძიმე სამუშაოების ჩატარება გველის, რომელიც მიმართული იქნება იქეთკენ რომ პარტნიორმა ქვეყნებმა გადალახონ ზამთარი. თავად ევროპა დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოთხოვნის შემცირებისთვის, ასევე ეძებს გზებს განახლებად ენერგიებზე გადასვლისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ამავდროულად არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა ევროპამ ერთხელ და სამუდამოდ თქვას უარი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებაზე,“ - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

კოკა კვირკველია