რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირად ღირებულ სკოლებში

როდესაც ბავშვი აღწევს სასკოლო ასაკს, სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხს წარმოადგენს. საქართველოში არჩევანი საჯარო და კერძო სკოლებს შორის საკმაოდ მრავალფეროვანია.

ყოველწლიურად, სულ უფრო მეტად პოპულარული და აქტუალური ხდება კერძო სკოლები, თუმცა უმეტეს მათგანში, საკმაოდ კარგ შეთავაზებებთან ერთად, საკმაოდ მაღალი გადასახადიც არის, რაც ბევრისთვის ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს:

QSI

თბილისის საერთაშორისო სკოლა QSI, კერძო არაკომერციული დაწესებულება, რომელიც1995 წლის სექტემბერში გაიხსნა, გთავაზობს მაღალი ხარისხის ინგლისურენოვან განათლებას Pre-K-დან (2 წლამდე) მე-12 კლასამდე (18 წლამდე).

სწავლის წლიური გადასახადი კი 25 000 დოლარს შეადგენს.

თბილისის თავისუფალი სკოლა

წლიური საფასური შეადგენს 3 250 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში (გადახდის დღისთვის მოქმედი კურსით) პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, სწავლის საფასურში შედის სახელმძღვანელოები, ფორმპები, ექსკურსიები და ორჯერადი კვება ხოლო მე-5 კლასიდან - ფორმები, ექსკურსიები და სახელმძღვანელოები.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. აკადემიის დამაარსებლები არიან ქართველი ბიზნესმენი, გივი ზალდასტანიშვილი, ამერიკელი პედაგოგი, დონალდ თომასი და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა

სკოლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის:

VIII კლასი - 15 000 ლარი

IX-XII კლასები - 26 500 ლარი

ბაქსვუდის სკოლა

ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.

ბაქსვუდის სკოლის თითოეული მოსწავლე სარგებლობს სერვისების გაერთიანებული პაკეტით:

ტრანსპორტირება „სახლიდან სახლამდე“;

კვება (დაწყებითი საფეხურისათვის - ორჯერადად, ხოლო უფროსკლასელებისათვის ერთჯერადად);

გახანგრძლივებული პროგრამა (მეცადინეობის დრო და საკონსულტაციო საათი საგნის მასწავლებელთან);

სკოლის აკადემიური ფორმა;

სკოლის სპორტული ფორმა;

სახელმძღვანელოები;

თემატური ექსკურსიები.

სწავლის ღირებულება - წელიწადში 12 000 ლარი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.

სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.

სავალდებულო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას გაივლიან. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა დამატებით გაეცნონ ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა დარჩენილ სფეროებს.

2022-2023 წელს მიღებული მოსწავლეებისთვის ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლის საფასური 9 000 ლარს შეადგენს.

UG School - იუჯი სკოლა

UG სკოლა 2008 წელს პროგრესული განათლების სურვილიდან დაიბადა, მისი დამაარსებელია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი პოზიცია უკავია.

სკოლის მიზანი ისეთი თაობის აღზრდაა, რომელსაც ექნება კარგი ცოდნა და განვითარებული ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევები, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს უნივერსიტეტებში, ისე ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში საზღვარგარეთ.

სწავლის ღირებულება 1 - 12 კლასებში 11000 ლარს შეადგენს

ფასში შედის სამჯერადი კვება პირველკლასელებისთვის. დანარჩენ კლასებში კვება ერთჯერადია, ხოლო გახანგრძლივებულში სრული დროით დარჩენის შემთხვევაში - ორჯერადი.

უცხოელი მოსწავლეებისთვის სწავლის საფასური წლის განმავლობაში შეადგენს 4900 დოლარს.

ლოგოსი

სკოლა „ლოგოსი“ 2010 წელს დაარსდა. სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL.

რაც შეეხება ღირებულებას:

5 - 6 კლასები - 6 900 ლარი წელიწადში. საფასურში, დაწყებით საფეხურზე, შედის 2-ჯერადი კვება.

7 - 8 კლასები - 9 900 ლარი წელიწადში

სკოლას არ აქვს ტრანსპორტირების სერვისი.

9 - 12 კლასები - 12 600 ლარი წელიწადში

იხილეთ ასევე: რა ჯდება ბავშვის სასკოლოდ მომზადება

ეკა დარჩიაშვილი