კახა კალაძე უცხოელ კოლეგებთან ერთად, „თბილისობის“ ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში „თბილისობა 2022“-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მოედანზე განთავსებული პავილიონები პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, ბაქოს მერის ელდარ აზიზოვის, ზაარბრიუკენის მერის უვე კონრატის და დოჰას მერის მანსურ აჯრან ალ-ბუაინაინის თანხლებით დაათვალიერა და დედაქალაქის მოსახლეობას „თბილისობის“ დღესასწაული მიულოცა.

„ორწლიანი პაუზის შემდეგ, სახალხო დღესასწაულს - „თბილისობას“ აღვნიშნავთ. ძალიან მიხარია, რომ ბევრი ადამიანია გამოსული, აღნიშნავენ და ერთობიან. ყველანაირი პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ეს ორი დღე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის საინტერესო იყოს. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ხვალ კი გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. მინდა, ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე და ყოველდღიურ ცხოვრებაში სიხარული, ბედნიერება, წარმატებები ვუსურვო. დედაქალაქის მერია ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დღესასწაული, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, წარმატებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ძველი თბილისის სტილშია მოწყობილი. პროექტის დეკორირებისას გამოყენებულია ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნებისა და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის სახით. ტერიტორიაზე წარმოდგენილია ე.წ. თბილისური უბანი, სადაც თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი იმართება. გარდა ამისა, ორბელიანის მოედანზე განთავსებულია თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, ინსტალაციები, სამეწარმეო და კვების ზონები.

რაც შეეხება რიყის პარკს, ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია იქნება წარმოდგენილი და გაიმართება ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება. ასევე, მოეწყობა გამოფენები, საბავშვო კონცერტები და სპორტული აქტივობები, სამეწარმეო ბაზრობა, ტკბილეულის ფესტივალი და სხვა.

საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნისა და რიყის პარკის გარდა, ლეღვთახევში, ასევე, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე მიმდინარეობს.

ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებებს მერის მოადგილეები ანდრია ბასილაია და კახა გულედანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.