ზელენსკიმ უმაღლეს რადას რუსული აქტივების ნაციონალიზაციის კანონპროექტის მხარდაჭერიკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას დეპუტატებს მოუწოდა, უკრაინაში რუსული აქტივების ნაციონალიზაციის შესახებ კანონი მიიღონ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში არის ნათქვამი.

„უკრაინის უმაღლესი რადა მომავალ სხდომაზე რუსული აქტივების ნაციონალიზაციის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც ამ პროცედურას მნიშვნელოვნად ამარტივებს. გთხოვთ, ამ კანონპროექტს გადაუდებლად დაუჭიროთ მხარი. ჩვენ ვასრულებთ რუსული გავლენის დემონტაჟს უკრაინაზე, ევროპასა და მთელ მსოფლიოში,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკი, ასევე, წერს, რომ რუსეთის მნიშვნელოვან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც გარკვეული სახით ჩართული არიან აგრესიაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრ დენის მალიუსკა ჯერ კიდევ 8 ივნისს აცხადებდა, რომ რუსებისა და კოლაბორაციონერი უკრაინელების კუთვნილი აქტივების კანონიერი ჩამორთმევის მექანიზმი ფართო მასშტაბით წელსვე ამუშავდებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ