მომავალ წელს სახელმწიფო გადასახადებისგან 1.6 მლრდ ლარით მეტს ელის - საშემოსავლოს საპროგნოზო მაჩვენებელი 5.5 მლრდ ლარია

მომავალ წელს სახელმწიფო გადასახადებისგან 1.6 მლრდ ლარით მეტს ელის. ამის შესახებ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.

უფრო კონკრეტულად, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2023 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 18 497 000 000 ლარს შეადგენს. 2022 წლის განახლებულ მაჩვენებელთან შედარებით 2023 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 1 673 000 000 ლარით.

ამასთან, პროექტის თანახმად, მშპ-სთან მიმართებაში 2023 წელს საგადასახადო შემოსავლები 23,2%-ს შეადგენს და საშუალოვადიან პერიოდში განისაზღვრება 23,4%-ის ფარგლებში.

2023 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 542 800 000 ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 5 106 800 000 ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 436 მლნ ლარს;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 945 000 000 ლარით;

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7 934 200 000 ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 6 426 700 000 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 1 507 500 000 ლარს;

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 100 000 000 ლარის ოდენობით;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 125 მლნ ლარით;

ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 600 მლნ ლარს;

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 250 მლნ ლარით.

თაია არდოტელი