ნოდარ ხადური: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე მომავალი კვირის დასაწყისში გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ

ფინანსთა სამინისტრო ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე "გარკვეულ სურათს" მომავალი კვირის დასაწყისში წარმოადგენს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე განმარტებით, 16 მარტამდე ფინანსთა სამინისტრო სხვა უწყებებისგან აღნიშნულის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ელოდება.

"უკვე ორშაბათს უნდა გვქონდეს ინფორმაცია სამინისტროების და იმ სიპების მიხედვით, რომლებიც არ არიან სამინისტროების კონტროლის ქვეშ. ამის მერე ჩვენ დავიწყებთ ამ მასალების დამუშავებას. ფინანსთა სამინისტროს გარკვეული მონახაზი უკვე აქვს, მაგრამ მაინც დაველოდებით ჩვენი კოლეგებისგან მოწოდებულ ინფორმაციას და ალბათ, მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ უკვე გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ", - აღნიშნა ხადურმა.