რა უჯდებათ რუს გადამხდელებს პუტინის შენახვა - 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით ხარჯი 30%-ით იზრდება

2023 წელს რუსეთის ბიუჯეტს პრეზიდენტის შენახვის ხარჯი დაახლოებით, 30%-ით ეზრდება. როგორც რუსული მედია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათზე დაყრდნობით წერს, გაისად პუტინისა და მისი ადმინისტრაციის შენახვა ბიუჯეტს 19,131 მლრდ რუბლი (331,5 მლნ დოლარი) დაუჯდება, რაც 3-წლიან ბიუჯეტში ჩადებულ ხარჯებს 4,123 მლრდ რუბლით (71,5 მლნ დოლარი) აღემატება.

მთლიანობაში, 3 წლის განმავლობაში პუტინის „ფუნქციონირება“ გადასახადების გადამხდელებს 59,7 მლრდ რუბლი (103,5 მლნ დოლარი) დაუჯდებათ. ანალოგიური რაოდენობის თანხას შეადგენს რუსეთის ფედერაციის კოსტრომის ოლქის, მაგადანის ოლქის, ან ყაბარდო-ბალყარეთის წლიური ბიუჯეტები.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დამატებითი ხარჯების თითქმის 90% დაიხარჯება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა სტრუქტურების თანამდებობის პირების ხელფასების გაზრდაზე - ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტზე დანახარჯების ზრდა - 29-30%-ით - იქნება რეკორდული ხელისუფლების ყველა შტოს შორის - წერს რუსული მედია.