მორიგი რეკორდი - თურქეთში ინფლაციამ 83%-ს გადააჭარბა

თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი სექტემბერში მეთექვსმეტე თვეა დაჩქარდა, რის შედეგადაც ინფლაციამ 83% გადააჭარბა.

ნეგატიური ფაქტორებია ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისტორიულ მინიმუმამდე და ასევე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილება, ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 13-დან 12%-მდე შემცირდა.

ამასთან, თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში საბინაო და კომუნალური მომსახურების ღირებულება 84,7%-ით გაიზარდა, სატრანსპორტო მომსახურება - 117,7%-ით, ელექტროენერგიის ფასი 133%-ით გაიზარდა. საკვები და უალკოჰოლო სასმელები 93,1%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასების ზრდამ სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 3.1% შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1,5% იყო.

ამ ყველაფერთან ერთად, დღეს დილით ლირის კურსი დოლართან მიმართებით კიდევ დაეცა და ერთი დოლარის ღირებულება 18,562 ლირა გახდა.

ეკა დარჩიაშვილი