"უცხოური ინვესტიციები პირველ ეტაპზე მოდის იქ, საიდანაც უფრო მეტი უკუგება ექნება"

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან უცხოური ბრენდები გადიან.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოდან 10 ცნობილი ბრენდის გასვლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"მე გეტყვით, რომ შარშან 1 272 000 000 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში. ძალიან დიდი ინტერესია დღესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ, ეს არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი", - აღნიშნა ხადურმა. მისივე თქმით, მომავალ წელს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან არის ახალი პროექტები, რომელზეც მუშაობს როგორც ენერგეტიკის სამინისტრო, ასევე "საპარტნიორო ფონდი".

რაც შეეხება კითხვას, რომ სახელმწიფო ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს ჯანდაცვაში და სოფლის მეურნეობაში, ხოლო როგორც აღმოჩნდა ყველაზე ნაკლებია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამ დარგებში, ხადურმა განაცხადა, რომ ეს "ჩვეულებრივი მომენტია"."უცხოური ინვესტიციები პირველ ეტაპზე მოდის იქ, საიდანაც უფრო მეტი უკუგება ექნება. გასული წლების განმავლობაში გამონაკლისია ბოლო 2-3 წელი, რადგან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები და საბანკო კრედიტების მხოლოდ 1% მოდიოდა, ბოლო პერიოდში და მათ შორის შარშანაც, ეს სიტუაცია არის გამოსწორებული", - განაცხადა ხადურმა.