რუსეთმა შესაძლოა, ზეთოვან კულტურებზე საექსპორტო შეზღუდვებს გადახედოს

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა, ზეთოვანი კულტურების ექსპორტის შეზღუდვის ზომებს გადახედოს, რისი მთავარი პირობაც გადამამუშავებელი ობიექტების ნედლეულით უზრუნველყოფაა. ამის შესახებ რუსეთის მარცვლეულის მეწარმეთა კავშირის მიმართ სამინისტროს საპასუხო წერილში წერია, რასაც "ინტერფაქსი" ავრცელებს.

კავშირი ზეთოვანი კულტურების ექსპორტისთვის უბაჟო კვოტის შემოღებას შიდა ბაზარზე ჭარბი მოცულობისა და ფასების სტაბილიზაციის გამო მოითხოვს. ამასთან, მარცვლეულის მეწარმეთა კავშირი მზესუმზირის ზეთისა და შროტის ექსპორტზე გადასახადების გაუქმებას ემხრობა. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე სეზონზე ზეთოვანი კულტურების პროფიციტი (ჭარბი მოცულობა) 6 მილიონ ტონას შეადგენს.

"ზეთოვანი კულტურების გადამუშავების დროს პროდუქტებითა და ნედლეულით თვითდაკმაყოფილების მიღწევის შემთხვევაში, ექსპორტზე შეზღუდვის ზომები შესაძლოა, გადაიხედოს," - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილში, რასაც ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის დირექტორი, მაქსიმ ტიტოვი აწერს ხელს.

ცხიმპროდუქტებისა და ზეთის მწარმოებელთა კავშირის მონაცემებით, წელს რუსეთში ზეთოვანი კულტურების მოსავალი რეკორდული იქნება და 28 მილიონ ტონას შეადგენს. ამასთან, დაგეგმილია, დაახლოებით, 26 მილიონი ტონა მოცულობის გადამუშავება, რისი საწარმოო სიმძლავრე, თითქმის, 30 მილიონი ტონა იქნება.

ამჟამად სოიოს საექსპორტო გადასახადის ოდენობა ტონაზე 20%, თუმცა არანაკლებ 100 დოლარის ოდენობისაა, ხოლო მისი მოქმედების ვადა 2024 წლის 31 აგვისტომდე გრძელდება. მზესუმზირაზე გადასახადი 50%-ს, მაგრამ ტონაზე არანაკლებ 320 დოლარს შეადგენს, რაც 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს. ამასთან, 2023 წლის 28 თებერვლამდე რუსეთიდან რაფსის მარცვლის ექსპორტი აკრძალულია.