ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების საკითხს 6-7 ოქტომბრის სამიტზე განიხილავს

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა პრაღაში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ არაფორმალურ სამიტზე განიხილავს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების და უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო და ფინანსური დახმარების საკითხს, ასევე კავშირისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქებების შემდეგ გაჩნდა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებისთვის დაგზავნილ წერილში აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი გრძელდება და საჭიროა ევროკავშირის ერთიანობა და ერთიანი მიდგომა პასუხში. „ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი შემზუდავი ზომების გატარებას რუსეთზე წნეხის გასაძლიერებლად იმისათვის, რომ მან შეწყვიტოს ომი. შეხვედრაზე განვიხილავთ, როგორ განვაგრძოთ ძლიერი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის იმდენ ხანს, რამდენიც საჭრო იქნება. ასევე განვიხილავთ საკითხებს, როგორ დავიცვათ ჩვენი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს მიშელი.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დიდი ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკულ კრიზის.

„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს ოჯახებსა და საწარმოებს ჰქონდეთ მყარი და სანდო ხელმისაწვდომობა ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით მოახლოებული ზამთრის სიცივეების პირობებში. ჩვენ შევაფასებთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს გავცემთ შემდგომი ნაბიჯებისთვის, რომელიც საჭირო კარგად კოორდინირებული ევროპული პასუხისთვის“, - განმარტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ეკონომიკური სიტუაცია ასევე იქნება ყურადღების ცენტრში, ვინაიდან რეგიონში ფიქსირდება მაღალი ინფლაციური პროცესები და ამას შეიძლება მოყვეს გართულებები, რომელიც განსაკუთრებით შეიძლება დააწვეს მოსახლეობის მოწყვლად ფენას.

კოკა კვირკველია