ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, კატეგორიების მიხედვით, რამდენი ლარით განისაზღვრება საქართველოში პენსია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით.

ამასთან, მინისტრის თქმით, პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს.

„70 წელს გადაცილებულებს ეზრდებათ 65 ლარით და მათი პენსია იქნება 365 ლარი, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 35 ლარით მოემატებათ და იქნება 295 ლარი, პირველი ჯგუფის შშმ პირებს 65 ლარით ეზრდებათ და ექნებათ 340 ლარი, ხოლო მეორე და მესამე ჯგუფს 35 ლარით და ექნებათ 155 და 135 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში პენსიის 20%-იანი ზრდაა და საშუალოდ ექნებათ 440 ლარი“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ამასთან, მინისტრმა დევნილთა პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 300 მილიონი ლარი.

„დევნილებისთვის ბინების ასაშენებლად მნიშვნელოვანი ბიუჯეტი არის გამოყოფილი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო 30 წლის განმავლობაში - 260 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება მხოლოდ ბინათმშენებლობისთვის. ასევე 30 მილიონამდე გამოყოფილია სოფლად სახლისთვის და სხვადასხვა შესყიდვის ფარგლებში. ის პირობა, რომელიც 2024 წლის ბოლომდე გვაქვს დასახული - 13 000 დევნილის ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, უკვე წელს და შემდეგ წლებში წარმატებით შესრულდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.