ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელფასო დანამატს, რომელიც პანდემიის პერიოდში ექთნებს და ექიმებს უნდა აეღოთ, სახელმწიფო კლინიკებს „აუცილებლად გადაახდევინებს“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელფასო დანამატს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ექთნებს და ექიმებს უნდა აეღოთ, სახელმწიფო „კლინიკებს აუცილებლად გადაახდევინებს“.

როგორც აზარაშვილი განმარტავს, ზოგიერთ კლინიკასთან სასამართლო დავაც კი აქვთ.

ამასთან, მინისტრმა კლინიკებს მხრიდან თანხების ხარჯვის მიზანმიმართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემები იყო და აღნიშნულს მკაცრად მიყვებიან.

„კოვიდთან დაკავშირებით, 3 მიმართულებით ვმუშაობდით. ერთი იყო დანამატი, რომელიც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფომ გადაუხადა და კლინიკების გავლით უნდა აეღოთ. აქ იყო მნიშვნელოვანი პრობლემები და დღეს, მინიმუმამდეა შემცირებული, თუ სწორად მახსოვს, 20 კლინიკამდეა დარჩენილი პრობლემური. ზოგთან, სამწუხაროდ, სასამართლო დავებშიც შევედით მათი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების გამო და ამ თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ იმ ექთნებისთვის და ექიმებისთვის, ვისაც ეს უნდა მიეღო.

მეორე მიმართულება იყო, ინფექციის კონტროლის კუთხით, ის პრობლემები, რაც პანდემიამ დაგვანახა და უკვე 80 კლინიკამდე ავედით. ზოგჯერ, კლინიკაში 2-ჯერ და 3-ჯერ ვიყავით ამ მიმართულებით და ეს არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, სხვა შემთხვევაშიც აუცილებელი მინიმუმია, რომელიც კლინიკებს უნდა გააჩნდეთ. ჩვენ ისევ აქტიურად გავაგრძელებთ, ეს ერთჯერადი ხასიათის არ არის, პერიოდულობით კლინიკები აუცილებლად გადამოწმდებიან. სამწუხაროდ, ცუდი შედეგები გვქონდა პირველ შემოწმებაზე, მეორე, მესამე შემთხვევაში გამოსწორდა. ზოგმა მნიშვნელოვნად გამოასწორა, ზოგმა - მეტ-ნაკლებად. შემდეგი ეტაპები არის მკაცრი სანქციები, რაც უნდა გავატაროთ, იმ დაჯარიმებების გარდა, რასაც ამ სამივე შემთხვევაში ვიყენებდით.

რაც შეეხება თანხების მიზანმიმართულად ხარჯვას. დიახ, ეს პრობლემები იყო, საკმაოდ მკაცრად მივყვებით ამასაც, კლინიკებთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა მიდის განხილვები და იმ კონკრეტული გაანგარიშებების გადახედვა, რამდენად სწორად იყო, თუ არ იყო, თუ ჩვენი შეხედულებით რასაც ვფიქრობთ, რომ არასწორად იყო, კლინიკებთან ამის განხილვა მიდის. საბოლოოდ, როცა დადასტურდება მათი ბრალეულობა, თუ იყო, ბიუჯეტში უკან ექნებათ თანხები დასაბრუნებელი, მერწმუნეთ, ეს თანხები აუცილებლად დაბრუნდება. ჯერჯერობით, რასაც გავდივართ, ეს პრობლემები ჩანს. რა თანხა, რომელ კლინიკას - გამიჭირდება ახლა გიპასუხოთ, რადგან განხილვის ეტაპზე ვართ“, - განაცხადა აზარაშვილმა.