იტალიის მთავრობამ უძრავი ქონება კიდევ ორ რუს ოლიგარქს გაუყინა

იტალიის მთავრობამ ორი რუსი ოლიგარქის კუთვნილი უძრავი ქონების ობიექტები გაყინა, რომლებიც მდიდრულ ზღვისპირა კურორტ პორტოფინოში, ასევე, გარდას ტბისპირა სირმიონეში და რომში მდებარეობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის ფინანსურმა პოლიციამ (Guardia di Finanza) ლიგურიის ზღვაზე, კონცხ პორტოფინოზე, რუსული ენერგეტიკული გიგანტ „როსნეფტის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ედუარდ ხუდაინატოვის ვილა ალტაკიარა, სასახლე პარკით დააყადაღა. ასევე, დააპატიმრა მისი ქონება და ავტომობილი რომში. სააგენტოს ცნობით, ხუდაინატოვი ევროკავშირის სანქციების შავ სიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხვდა. მისი გაყინული აქტივების ფასი, დაახლოებით, 57 მლნ ევროა. ამასთან, იტალიის პოლიციამ 700 მლნ დოლარის ღირებულების ძვირად ღირებული იახტა, რომელიც, სავარაუდოდ, ხუდაინატოვს ეკუთვნოდა, ჯერ კიდევ მაისში გაყინა.

Guardia di Finanza-მ, ასევე, დააპატიმრა უძრავი ქონების ობიექტი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში მდებარე გარდას ტბისპირა ქალაქ სირმიონეში, რომლის ღირებულებაც 15 მლნ ევროზე მეტია. Reuters-ის წყაროს ცნობით, ობიექტი გრიგორი ბერეზკინს ეკუთვნის, რომელიც რუსული კერძო საინვესტიციო ჯგუფ Esn-ის თავმჯდომარეა.

მარტსა და აპრილში იტალიამ მთლიანობაში მდიდარი რუსების კუთვნილი 900 მლნ ევროზე მეტი ღირებულების ვილები და იახტები გაყინა. ისინი რეგულარულად ჩადიოდნენ ქვეყანაში დასასვენებლად და ქონებას ბევრ პრესტიჟულ ადგილას ყიდულობდნენ.

Guardia di Finanza-ს განახლებული ოფიციალური სიის მიხედვით, იტალიაში რუსი ოლიგარქებისგან დღემდე ამოღებული აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 1,7 მლრდ ევროს გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ