ილონ მასკმა ერთ დღეში 15.5 მლრდ დოლარი დაკარგა

მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა 24 საათში 15.5 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. „ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის თანახმად, მისმა ქონებამ 1 დღე-ღამეში 6%-ზე მეტით დაიკლო და 4 ოქტომბრისთვის 223 მილიარდს შეადგენს.

წლის დასაწყისიდან დღემდე უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 47.8 მილიარდი დოლარითაა შემცირებული, თუმცა ახლანდელი კლება უშუალოდ უკავშირდება "ტესლას" აქციების 4 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირებას.

ორშაბათს ელექტრონული ავტომობილების კომპანიამ მესამე კვარტლის პროდუქციისა და მიწოდების ანგარიში გამოაქვეყნა, შედეგები მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა და აქციებიც სწორედ ამის შემდეგ გაუფასურდა 8%-ზე მეტით.

"ტესლას" თანახმად, წლის მესამე მეოთხედის განმავლობაში 365,000 მანქანა იქნა წარმოებული და 343,000 მომხმარებლებზე მიწოდებული, რაც ჩამორჩება ანალიტიკოსების გამოთვლებს, რომლებიც 364,660 მანქანის მიწოდებას ვარაუდობდნენ.

ილონ მასკი პოლიტიკურ შეფასებებს ხშირად აკეთებს. ამჯერად მან რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა გაამჟღავნა და ხმის მისაცემადაც "ტვიტერზე" დადო:

"მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის:

  • განმეორებითი არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი გადის, თუკი ხალხის ნება იქნება;
  • ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაშია, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე);
  • ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;
  • უკრაინა რჩება ნეიტრალური", - წერს მასკი.

­ამ პოსტის შემდეგ მასკი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მას უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა და შემდეგი გამოკითხვა შესთავაზა:

  • "უკრაინა ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.
  • რუსეთი განიცდის დემილიტარიზაციას და სავალდებულო დენუკლეარიზაციას და ვეღარ ემუქრება სხვებს.
  • ომის დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალს ექვემდებარებიან", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".

მოგვიანებით ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა და მოაწყო გამოკითხვა "ტვიტერზე", თუ რომელი მასკი უფრო მოსწონთ, ის რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, თუ ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს.

კახი ჩაკვეტაძე