მარიამ ვალიშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული მხარე ვარდნილის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები მარიამ ვალიშვილი და ილია ელოშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვარდნილის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განაცხადა. როგორც ვალიშვილმა აღნიშნა, შეხვედრა 6 მარტს გაიმართა.

"ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. საკმაოდ მასშტაბურად გაიშალა ფრონტი ვარდნილის არხის რეაბილიტაციაზე. ამაში EBRD-ი და დონორი ორგანიზაციები გვეხმარებიან. უკვე დაიწყო სამუშაოები ვარდნილის არხზე და ვიმყოფებოდით იმ სამუშაოების მოსანახულებლად. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და სწორედ ამ სამუშაოების დასათვალიერებლად ჩავედით. იქ ქართული კონტრაქტორი კომპანია მუშაობს", - განმარტა ვალიშვილმა. მისივე თქმით, სამუშაოები შუა ზამთარში ვერ დაიწყებოდა და გაზაფხულის დასაწყისში კომპანიამ მობილიზაცია მოხდინა.

ვალიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ არხს პრობლემები დიდი ხანია აქვს. იტბორებოდა ტერიტორია, რადგან ჯებირები იყო მონგრეული და ა.შ. "ამის დაფინანსებაზე ჩვენ გვაქვს შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკთან და აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში ეს პროექტი მიმდინარეობს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტშიც გვაქვს გაწერილი - ენგური-ვარდნილის რეაბილიტაციის პროექტი", - განაცხადა ვალიშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები –- მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი, ასევე, საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელმაც კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, "ენგურჰესის" რეაბილიტაციის საკითხი იყო განხილული. ამასთან, ასლან ბასარიას თქმით, კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები "ენგურჰესის" აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთზე გაიმართა.