ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, არ შეუშვას ექსპერტი მიხეილ სააკაშვილთან, ამით საკუთარი აგრესიული ელექტორატი გაამხნევოს და სიამოვნება მოჰგვაროს, მეორე მხრივ სამწუხაროდ, მიჩქმალოს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სადაც მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ჯეიმს კობსი შეუშვან.

როგორც მელია განმარტავს, თუ სააკაშვილთან ჯეიმს კობსს არ შეუშვებენ, ადეკვატური რეაგირება ექნებათ.

„ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს. არ შეუშვას ექსპერტი მიხეილ სააკაშვილთან. ამით საკუთარი აგრესიული ელექტორატი გაამხნეოს და სიამოვნება მოჰგვაროს, მეორე მხრივ სამწუხაროდ, მიჩქმალოს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ვითარება სხვაგვარია, არა თუ ორ კურდღელს ვერ დაიჭერს, მას ორი აგურის დაჭერა მოუწევს აუცილებლად, მსგავსი ნაბიჯის გადადგმით, ამ ორი აგურის თავში ჩარტყმა მოუწევს, ვინაიდან შენ, როდესაც ადამიანურ, ჰუმანიტარულ ზღვარს გადადიხარ და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტს, ნობელიანტს, რომელმაც იმგზავრა, რომ პაციენტი მოენახულებინა და ჯანდაცვის მინისტრი შენ დავალებას ასრულებს, არ უშვებს, რათა ის დასკვნა არ დადოს, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერ უარყოფს, მის ობიექტურობაში ეჭვს ვერ შეიტანს, გადაწყვიტა მარტივი გამოსავალი ნახოს და არ შეუშვას.

მათ მოუწევთ სააკაშვილთან ექსპერტის დაშვება, სხვა შემთხვევაში ადეკვატური იქნება ჩვენი რეაგირება ამ უმსგავსობაზე. ეს ადეკვატური რეაგირება რა შეიძლება გახდეს, ამას დავინახავთ“,-აღნიშნავს მელია.