IEA  - ევროპაში გაზის მოხმარება ბოლო 50 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცემა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development OECD) წევრ ევროპულ ქვეყნებში, რომელთა შორის ბულგარეთი და რუმინეთი არ ირიცხება, ბუნებრივი აირის მოხმარება შესაძლოა, წლის ბოლომდე 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტად შემცირდეს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) შეფასებით, ეს გაზის ბაზარზე რეკორდული ვარდნა იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში.

IEA-ს მონაცემებით, ევროპის OECD-ის ქვეყნებმა გასულ წელს 604 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარეს, რაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 548 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდეს. რვა თვის განმავლობაში ევროპის OECD-ის ქვეყნებში გაზზე მთლიანი მოთხოვნა, წლიური თვალსაზრისით, თითქმის, 10%-ით, მესამე კვარტალში კი 9%-ით შემცირდა. ევროპულ ინდუსტრიაში რვა თვის განმავლობაში გაზის მოხმარება 15%-ით, საცხოვრებელ სექტორში კი 20%-ზე მეტად შემცირდა. მესამე კვარტალში სამრეწველო გაზზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25%-ზე მეტად შემცირდა. IEA წერს, რომ გაზის გაძვირების გამო ევროპული სასუქების წარმოების მოცულობა 70%-ით შემცირდა, რაც აგრარულ სექტორზე „დამატებით ზეწოლას ახდენს.“

„რუსეთის დაუფიქრებელი და არაპროგნოზირებადი ქცევის გამო, რომელმაც სანდო მიმწოდებლის რეპუტაცია თავად გაინადგურა, გაზის ბაზრის პერსპექტივა ბუნდოვანი რჩება,“ - აცხადებს IEA-ს ენერგეტიკული ბაზრებისა და უსაფრთხოების დირექტორი, კეისუკე სადამორი.

მისი პროგნოზით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გაზის ბაზრები 2023 წელსაც მეტად დაძაბული დარჩება.“ IEA პროგნოზირებს, რომ წლის ბოლომდე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდება ევროპაში 60 მილიონი ტონით (82,8 მილიარდი კუბური მეტრით) გაიზრდება, რაც, 2021 წელთან შედარებით, 80%-ით მეტია. LNG-ით გლობალური ვაჭრობა რვა თვეში, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 6%-ით გაიზარდა. იანვარ-აგვისტოში LNG-ის იმპორტმა ევროპაში 65%-ით, ანუ 43 მილიარდი კუბური მეტრით მოიმატა.

ევროპაში გაზზე მოთხოვნის ვარდნა წლის ბოლოს რვათვიანი კლების ტოლი იქნება, რაც 10%-ს შეადგენს. ევროკავშირი აგვისტოდან აპრილის დასაწყისამდე გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გეგმავს. IEA-ს პროგნოზით, ამ პერიოდში ევროპის სამრეწველო სექტორი გაზის მოხმარებას 20%-ით, ხოლო ენერგეტიკის სექტორი 3%-ით შეამცირებს. 2023 წელს OECD-ის ევროპულ ქვეყნებში გაზის მთლიანი მოხმარება კიდევ 3-4%-ით, 531 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდება.

IEA წერს, რომ მართალია, სექტემბრის ბოლოსთვის ევროკავშირის საცავები, თითქმის, 90%-ით გაივსო, მაგრამ რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის გამო მომავალ წელს მათი შევსება გართულდება. ამდენად, „გათბობის სეზონის ბოლომდე მიწოდების ადექვატურ დონეზე შესანარჩუნებლად და საცავებიდან ამოღების შესამცირებლად გაზის დაზოგვის ღონისძიებები გადამწყვეტი იქნება.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ