„საქსტატმა“ ახალი სტატისტიკური პროდუქტი - ფასთა ინდექსაციის კალკულატორი შეიმუშავა

საქსტატმა ე.წ ფასთა ინდექსაციის კალკულატორი შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ახალი ელექტრონული სერვისი შექმნილია „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №753 განკარგულების მიხედვით.

ამასთან, „საქსტატის“ განცხადებით, კალკულატორის მიზანია, ფასთა ინდექსაციით მოსარგებლე სამშენებლო კომპანიებისთვის მარტივი პროცედურის შეთავაზება, რომელიც საშუალებას მისცემთ ფასთა ინდექსაციის შესახებ დასკვნა მიიღონ ონლაინ რეჟიმში. თანხის ინდექსაციის მიზნით კალკულატორი იყენებს ჯაჭვურად გადაბმული მშენებლობის ღირებულების ინდექსის (Construction Cost Index - CCI) მნიშვნელობებს.

„აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს მშენებლობის მთლიან სექტორს - როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების სეგმენტებს, ასევე სამოქალაქო მშენებლობასაც. ის შექმნილია საქსტატის მიერ საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან სრულ შესაბამისობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით.

ფასთა ინდექსაციის კალკულატორი განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის შემდეგ ბმულზე: http://indexation.geostat.ge/indexation/?lang=ka

კალკულატორთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური ან სხვა სახის შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფასების სტატისტიკის დეპარტამენტს ტელეფონებზე: 236 72 10 (400/405), ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gtetrauli@geostat.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.