დეპუტატის მიერ მედიის პირდაპირი ფლობა ქართული კანონით აკრძალულია - ჯაფარიძის პირველი განმარტება

საქართველოს კანონმდებლობით დეპუტატს ნებისმიერ კომპანიაში, მათ შორის, მედიაშიც, წილის პირდაპირი ფლობა აკრძალული აქვს. თუმცა ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი, ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილის თქმით, კანონში ,,პრევენცირების“ მექანიზმი არსებობს.

„დეპუტატის მიერ მედიის პირდაპირი ფლობა ქართული კანონით აკრძალულია, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოქმნას ამ მოცემულობაში, 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს გადაფორმება მინდობილ პირზე სრული მინდობით. ეს მექანიზმი არსებობს კანონში, რათა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტების პრევენცირება. ამ შემთხვევაში პირობითად რომ ვთქვათ, გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტი თუმცა, რა არის რეალობა, ეს ისედაც გაცხადდა, მედიამფლობელის ახალი პარტიის ბრიფინგზე.

მარეგულირებლის ფუნქცია ამ ტიპის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია. თუ კი გადაფარვა, პოლიტ მიზნების არამართლზომიერი გამოყენება ხდება, ასეთ შემთხვევაში მარეგულირებელი უნდა ჩაერიოს. მექანიზმი ასეთია, ვინმემ უნდა შეიტანოს საჩივარი და შემდეგ, მარეგულირებელმა იმსჯელოს და შეისწავლოს. ასე ჩნდება მოკვლევის საფუძველი“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

,,ბიზნესპრესნიუსი" თავად დეპუტატსაც დაუკავშირდა. ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, კანონის დარღვევას არ აპირებს და წილს მინდობით გადასცემს.

„მერწმუნეთ, ძალიან კარგად ვიცი კანონები. დღეს გამოვა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. კანონის დარღვევას არ ვგეგმავ და წესისამებრ, მინდობით გადავცემ მართვაში სხვა პირს. ჯერ ვერ გეტყვით, ვის და ვერც კონკრეტულ თარიღს, თუმცა მოგეხსენებათ, ეს ინფორმაცია საჯაროა და ვერავინ დამალვას. ასე რომ, საზოგადოება შეიტყობს ყველაფერს" - განუცხადა ჯაფარიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს".

ინფორმაციისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ POS TV-ის 52%-იანი წილი დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ 520 000 ლარად იყიდა. გარიგების შედეგად ტელეკომპანიის წილები ასე გადანაწილდა:

  • ვიქტორ ჯაფარიძე - 52%;
  • შალვა რამიშვილი -24%;
  • თემურ ჭარელაშვილი - 24%.

იხილეთ ასევე:

რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი დეპუტატი, რომელმაც POS TV-ის 52%-იანი წილი იყიდა

როგორ შეიცვალა POS TV-ის მფლობელები დეპუტატის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ

თამარ მუკბანიანი