უკრაინაში ახალი სამახსოვრო მონეტა გამოუშვეს

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა ახალი სამახსოვრო მონეტა, რომელიც ამჯერად ტერიტორიული თავდაცვის ძალებს ეძღვნება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.

ბანკის ცნობით, მონეტა თავისი მახასიათებლებით მიმოქცევაში არსებული, 2018 წლის 10-გრივნიანი ჩვეულებრივი მონეტის იდენტურია. ამასთან, მისი რევერსი თემატურია და უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების სამხედროებს ეძღვნება.

10 გრივნის ნომინალის მონეტას 10 მილიონ ცალად გამოუშვებენ. ის ნიკელირებული თუთიის შენადნობისგან არის დამზადბული. ავერსის ცენტრში მოცემულია წარწერა, „უკრაინა, 10 გრივნა,“ რომლის ზევით უკრაინის პატარა გერბი, კიდეზე ორნამენტი, ხოლო მის ფონზე, ქვემოთ მოჭრის თარიღი, „2022 წელი“ არის გამოსახული. მონეტის რევერსზე სამხედრო მოსამსახურეების ორი ფიგურა და უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ლოგო არის ნაჩვენები, წრის ირგვლივ კი მოცემულია ორი წარწერა, „მზად წინააღმდეგობისთვის“ და „უკრაინის შეიარაღებული არმიის ტერიტორიული თავდაცვის ძალები.“

ახალი მონეტის მიმოქცევაში შეტანით ეროვნული ბანკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სიმბოლოებისა და ჯარისკაცების ამსახველი სამახსოვრო მონეტების მოჭრის პრაქტიკას განაგრძობს. ბანკი ასეთი მონეტების მიმოქცევისთვის გამოშვებას წელიწადში რამდენჯერმე, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად გეგმავს.

ტერიტორიული თავდაცვის ძალები „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“ უკრაინის კანონის შესაბამისად, 1 იანვარს შეიქმნა. უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, მაისის მდგომარეობით, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლების რაოდენობამ 110 000 ადამიანს მიაღწია. ამ ძალების დღედ 2 ოქტომბერი გამოცხადდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ