ფინელმა დეპუტატებმა რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვა აკრძალეს

ფინეთის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვას კრძალავს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი, YLE ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, „კითხვაზე, მთლიანად უნდა აიკრძალოს თუ არა რუსებთან უძრავი ქონების ხელშეკრულების დადება, დეპუტატების უმეტესობამ უპასუხა „დიახ,“ ხოლო ისინიც კი, ვინც ასე არ უპასუხა, მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონების გაყიდვაზე კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს.“

იმის მიუხედავად, რომ ფინეთში რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა აიკრძალა, უძრავ ქონებაზე გარიგება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასეთი ტრანზაქციების შეზღუდვის წინადადებით ფინეთის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა, რაც, სამხედრო ჩინოვნიკების აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებას გაზრდის.

მანამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სანა მარინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ფინეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის ნაწილზე ღობე აღიმართოს. ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარის სიგრძე, დაახლოებით, 1,3 ათასი კილომეტრია, რომლის 10-20%-ზე, ანუ, დაახლოებით, 130-260-კილომეტრიან მონაკვეთზე სასაზღვრო სამსახური ფიზიკური ბარიერის აღმართვას გეგმავს. უწყება ვარაუდობს, რომ რუსეთთან საზღვარზე ღობე 50 წელი იარსებებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ