ირაკლი ღარიბაშვილი - რამდენიმე კვირაში საზოგადოებასა და ბიზნესს ენერგეტიკის განვითარების ხედვას წარვუდგენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2-3 კვირაში მთავრობა ენერგეტიკის განვითარების გეგმას წარადგენს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უკვე ცნობილია, რამდენი მეგავატის ჰიდროჰესების, ქარის ელექტრო სადგურებისა და მზის ელექტრო სადგურების მშენებლობა შეუძლია ქვეყანას.

„ჩვენ გვქონდა მრავალთვიანი მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. PPA-ის პროგრამა იყო შეჩერებული, რამაც შეაფერხა ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების შემოდინება. ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე გავაჟღერე ეკონომიკურ გუნდში და დავიწყეთ მუშაობა იყო ამ PPA-ის განახლება. ჩვენ წარმატებთ დავასრულეთ მოლაპარაკება IMF-თან. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მე წარვუდგენ საზოგადოებას და ბიზნესს ჩვენს ენერგეტიკის განვითარების ხედვას. ჩემი დავალებით ყველა უწყებას აქვს გაკეთებული მინიმუმ 10-წლიანი განვითარების გეგმები, სადაც დეტალურად არის გაწერილი, ამ შემთხვევაში ენერგეტიკას ვგულისხმობ - რამდენი მეგავატის ჰიდროჰესების მშენებლობა შეგვიძლია, რამდენი მეგავატი ქარის, ასევე მზის სადგურების მშენებლობა. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება 2-3 კვირაში, მაქსიმუმ ნოემბრამდე. გვინდა, რომ ეს ახალი პროგრამაც დავიწყოთ ძალიან მალე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.