”დოიჩე ბანკი” ევროს კურსის 85 ცენტამდე ვარდნას პროგნოზირებს

"დოიჩე ბანკის" ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2017 წლისთვის ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 85 ცენტამდე დაეცემა.

"როიტერის" ინფორმაციით, როგორც გერმანული ბანკის ფინანსურმა ანალიტიკოსებმა რობინ უინკლერმა და ჯორჯ სარაველოსმა განაცხადეს, "ევროს ნამატი" იმაზე სწრაფად პროგრესირდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მათივე პროგნოზით, ევროს კურსის ვარდის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირიდან კაპიტალის გადინების მზარდი ტემპები იქნება, რაც 2017 წლისთვის 4 ტრილიონ ევროს შეადგენს.

"ევროპული გადინება იმაზე მეტია, ვიდრე ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო. ამიტომ ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ევროს კურსი დოლართან მიმართებაში ერთ დოლარამდე დაეცემა, 2017 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 85 ცენტამდე დავარდება", - აღნიშნავს ჯორჯ სარაველოსი.

"დოიჩე ბანკის" მანამდე გაკეთებული პროგნოზით, 2017 წლისთვის ევრო კურსი დოლართან მიმართებაში 95 ცენტი უნდა ყოფილიყო. 2014 წლის მარტში ევროს კურსმა 2011 წლის შემდეგ პირველად მაქსიმუმს მიაღწია დოლართან მიმართებაში და 1,39 დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც კლება დაიწყო. გუშინ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ევროს კურსი დაახლოებით 1%-ით 1,06 - დოლარამდე დაეცა.