5 ოქტომბრიდან რუსულ საექსპორტო ხორბალზე გადასახდელი კიდევ 14%-ით მცირდება

რუსეთიდან საექსპორტო ხორბალზე 5 ოქტომბრიდან საბაჟო მოსაკრებელი კიდევ 14,4%-ით მცირდება ერთ ტონაზე 2 119 (დაახლოებით 36 დოლარი) რუბლამდე, დღეს მოქმედი 2 476 რუბლთან შედარებით (დაახლოებით 42 დოლარი).

ქერზე საექსპორტო გადასახადი შემცირდება 2 152 რუბლიდან (დაახლოებით 37 დოლარი) 1 849 რუბლამდე (დაახლოებით 32 დოლარი), ხოლო სიმინდზე 3 659 რუბლიდან (დაახლოებით 63 დოლარი) 3 295 რუბლამდე (დაახლოებით 56 დოლარი) ტონაზე.

ახალი გადასახდელები იმოქმედებს 11 ოქტომბრის ჩათვლით.

გადასახდელის გამოთვლა მოხდა ინდიკაციური ფასების მიხედვით: 308,1 დოლარი ტონა ხორბალზე, 282,3 დოლარი ტონა ქერზე და 317,6 დოლარი ტონა სიმინდზე.

6 ივლისიდან რუსეთში მარცვლეულის გადასახადი დოლარის ნაცვლად, რუბლებში გამოითვლება. 30 ივნისს მთავრობამ მიიღო დადგენილება გადასახადების რუბლებში გამოთვლის შესახებ. ხორბლის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად საბაზისო ფასი ტონაზე 15 ათასი რუბლით (250 დოლარით), ქერსა და სიმინდზე კი 13,875 ათასი რუბლით (230 დოლარით) განისაზღვრა. საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

ამასთან, 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადებს, ხოლო მათგან მიღებული სახსრების სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის ჩაბრუნებას ითვალისწინებს. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითვლება, რაც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებულ საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.

კოკა კვირკველია