მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების სია, რომელიც გასაჯაროვდება, ყველასთვის ძალიან სასიხარულო იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო და ამბიციური გეგმები აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოგვიანებით ცნობილი გახდება იმ ვარსკვლავების სია, რომლებიც საქართველოს ეწვევიან.

"რაც შეეხება მსოფლიო დონის მომღერლებისა და არტისტების ჩამოყვანის პროგრამას საქართველოში, ძალიან საინტერესო და მასშტაბური გეგმებია ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, დროს არ უნდა გავასწროთ, შესაბამისი ანონსი გაკეთდება. აქ ალბათ, მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგადად იარსებებს ქვეყანაში წინსწრებით გაჟღერებული კალენდარი, რაც ცნობილი იქნება საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ეს არის უპირველესი, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო არეალზე მსგავსი სახის ღონისძიებებს ძალიან დიდი პოზიტიური სარგებელი და ეფექტი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან სწორედ ამ მიზნით ჩადის და სტუმრობს ამ ქვეყნებს. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, ვფიქრობ, ის კალენდარი და სია, რომელიც შემდგომში გასაჯაროვდება, ყველასთვის ძალიან სასიხარულო იქნება. მეორე მხრივ, მოლოდინი გვაქვს, რომ ამას ექნება საკმაოდ დადებითი ეფექტი ტურიზმის გაძლიერების კუთხით, ამიტომ, მოვლენებს არ გავასწროთ და მოგვიანებით ყველაფერი საჯარო გახდება",-განაცხადა ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას გეგმავს.

"ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას, იგეგმება მაისის თვიდან, მაისის ბოლოდან ივნისი-ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა თბილისის სტადიონზე, ბათუმში, "ბლექს სი არენაზე", ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას",-განაცხადა პრემიერმა.