ბექა ფერაძე - შრომითი ინსპექციის სამსახურმა 2021 წელს 13 612 ობიექტზე ჯამში 58 830 აქტივობა განახორციელა

შრომითი ინსპექციის სამსახურმა 2021 წელს 13 612 ობიექტზე ჯამში 58 830 აქტივობა განახორციელა. ეს მოიცავდა როგორც პირველად, ისე განმეორებით ინსპექტირებას, ასევე, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობას, - ამის შესახებ შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ამასთან, მისი განმარტებით, ვინაიდან გასულ წელს ძალიან ბევრი ეკონომიკური მიმართულებით შეზღუდვები იყო დაწესებული, პროპორციულად იყო შემცირებული შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობა.

„კლასიფიცირებულია თუ რომელი მიმართულებით რამდენი აქტივობა განხორციელდა - გასულ წელს რადგან პანდემია აქტიურ ფაზაში იყო, დიდი წილი განსაზღვრული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების ნაწილზე. ვინაიდან ძალიან ბევრი ეკონომიკური მიმართულებით იყო შეზღუდვები დაწესებული, პროპორციულად იყო შემცირებული შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შრომის უფლებების მიმართულებით 2021 წელი იყო პირველი წელი, ამიტომ, დაახლოებით, 350 ობიექტზე მაინც შევძელით, რომ განხორციელებულიყო ინსპექტირება“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება დარღვევების გამოვლენას, ჯამში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 446 ობიექტი იქნა შემოწმებული პირველადად, განმეორებითად კი ჯამში 1074-მა ობიექტმა გაიარა ინსპექტირება.

„შემოწმების პროცესში გამოვლინდა 4538 დარღვევა. განმეორებითი ინსპექტირების დროს აღსანიშნავია, რომ კომპანიების 28%-მა გამოასწორა პირველად გაცემული მითითებები, რაც 2020 წელთან შედარებით, საგრძნობ გაუმჯობესებას ასახავს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.