საპარტნიორო ფონდი სამაცივრე მეურნეობის პროექტზე პარტნიორს დაასახელებს

საპარტნიორო ფონდი სამაცივრე მეურნეობის პროექტის განსახორციელებლად პარტნიორს დაასახელებს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ფონდი, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობაა, საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის პროექტის განვითარების განხორციელებაზე მუშაობს. როგორც ფონდში აცხადებენ, ამ მიზნით ფონდმა ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. განაცხადების მიღება მარტის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თითეული კანდიდატის წინადადების განხილვა მოხდება.

როგორც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტში აცხადებენ, სამაცივრე მეურნეობის ოპერირების გარდა, შემოთავაზებული ბიზნესმოდელი მოიცავს ასევე მცირე ფერმერებისგან ხილისა და ბოსტნეულის შეგროვების პროცესს, რომელიც მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობას გააუმჯობესებს.

ფონდის ინფორმაციით, პროექტი 4 700 ტონიანი ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის მოწყობას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით მოწვეულ კონსულტანტებთან ერთად ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ინტერესთა გამოხატვის პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდი პროექტის თანადაფინანსებას განახორციელებს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა და ფონდის 100%-ს სახელმწიფო ფლობს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და ნაწილობრივ, "თელასის" აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.